ევროპული მულტილინგვიზმი, ანუ ენობრივი მრავალფეროვნება
უცხოური ენების სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპის ინტერკულტურული საზოგადოების განვითარებაში, რომელიც ტოლერანტობის, კრეატიულობისა და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებზეა დაფუძნებული.
უცხოური ენების სწავლება უწყვეტ კავშირშია მულტილინგვიზმის (მრავალენობრიობის), ანუ ენობრივი მრავალფეროვნების პრინციპის განვითარებასთან, ხოლო ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მულტილინგვიზმს ემყარება, ევროპული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთი უცხოური ენის სწავლა განიხილება როგორც გზა მეორე და მომდევნო უცხოური ენების შესწავლისაკენ. უცხოური ენის ცოდნა ევროპაში ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული. შესაბამისად, რამდენიმე უცხოური ენის სწავლება ევროპის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ პროირიტეტს წარმოადგენს.
სასკოლო სისტემა, რომელსაც ევროპელთა 65% უცხოური ენის ათვისების მთავარ წყაროდ მიიჩნევს, გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთათვის ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სასკოლო რეფორმა სწორედ საერთო მიზანს - უცხოური ენების დაუფლებისათვის საჭირო გარემოს გაუმჯობესებას - ემსახურება.
გასული საუკუნის ბოლოს ევროპის საბჭომ მიიღო გამოწვევა, რომელსაც „ძირითადი კომპეტენციების დახვეწა" ეწოდა. გამოწვევის მთავარ იდეად ყოველი ევროპელი მოსწავლისთვის, დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული, სავალდებულო სასკოლო განათლების ფარგლებში სულ ცოტა ორი უცხოური ენის სწავლება მიიჩნიეს. ეს ყოველივე დიად მიზანს - საერთო ევროპული ღია, მობილური სივრცის შექმნას ემსახურება.
რეკომენდაციები უცხოური ენის ადრეულ ეტაპზე სწავლებისათვის
დიდი ხანია აღარავინ დაობს იმ მოსაზრების თაობაზე, რომ უცხოური ენის ეფექტიანი სწავლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადრეულ ასაკშივე სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნა.
1996 წელს გერმანიაში, ნიურნბერგში, 22 ქვეყნის ექსპერტთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა უცხოური ენების ადრეულ ასაკში სწავლების ზოგადი პრინციპების ერთიან ჩარჩოდ ჩამოყალიბებას. რეკომენდაციების სახით შედგენილი ნიურნბერგის დოკუმენტი (ნიურნბერგის რეკომენდაციები ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებისათვის) გვთავაზობს 4-დან 10 წლამდე ასაკის მოსწავლეთა პოტენციალისა და მოთხოვნილებების რეალიზაციისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად საჭირო ყველა პირობას, რომლებიც ადვილად მოერგება ნებისმიერ სასწავლო გარემოსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
გთავაზობთ ზემოხსენებული დოკუმენტის მიმოხილვას:
ადრეულ ეტაპზე უცხოური ენის სწავლება ხელს უნდა უწყობდეს:
. მოსწავლისათვის უცხოური ენის შესახებ წარმოდგენის შექმნას;
. მოსწავლისათვის თვალსაწიერის გაფართოებას და სამყაროში უკეთ ორიენტირების მიზნით უცხოური კულტურის შემეცნებას;
. მოსწავლისათვის უცხოური კულტურისა და მასთან დაკავშირებული სოციალიზაციის ფაქტორების გაცნობას, რითაც მას საკუთარი სოციალიზაცია გაუადვილდება;
. საკუთარი და უცხო რეალიების ინტერკულტურულ ჭრილში წარმოჩენას;
. მოსწავლის ზოგად განვითარებას როგორც ემოციური, კრეატიული და სოციალური, ისე ენობრივი თვალსაზრისით;
. უცხოური ენების მიმართ ინტერესის გაღვივებას და ენის სწავლის პროცესში დადებითი ემოციის გამოწვევას;
. მოსწავლის მიერ ისეთი სასწავლო სტრატეგიების ათვისებას, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებას.
სასწავლო მასალა:
. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის ასაკობრივ ინტერესებს და ემსახურებოდეს ამ ინტერესთა სფეროს გაფართოებას;
. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის გრძნობებს, მის ფანტაზიასა და კრეატიულობას და სიამოვნებას ანიჭებდეს მას;
. აგებული უნდა იყოს საბავშვო კულტურის, ინტერკულტურულ და ქვეყანათმცოდნეობის ელემენტებზე, რომლებიც უშუალო კავშირში იქნება ბავშვის ასაკობრივ ინტერესებთან;
. ორიენტირებული უნდა იყოს თანაკლასელებთან თანამშრომლობასა და კომუნიკაციაზე, რაც მეტწილად ენის შეცნობის, გაგებისა და სახალისო ფორმით გამოყენების პრინციპზეა აგებული;
. პრიორიტეტულად მოსმენასა და ლაპარაკზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხოლო კითხვა და წერა დამხმარე ფუნქციას ასრულებდეს, თუმცა ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა არ დაკნინდეს;
. უნდა ითვალისწინებდეს პარავერბალურ (გამოთქმა, ინტონაცია, სასაუბრო რიტმი) და არავერბალურ (მიმიკა, ჟესტიკულაცია) საკომუნიკაციო საშუალებებს.
სწავლების მეთოდი:
. უნდა ემსახურებოდეს მოსწავლისთვის კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას, რაც სწავლის მიმართ ხალისიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს;
. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის მოთხოვნილებებს, რაც საგაკვეთილო პროცესში მეთოდების მრავალფეროვნებას და მონაცვლეობას გულისხმობს;
. აგებული უნდა იყოს მოსწავლისთვის მისაღებ თამაშის პრინციპზე;
. უნდა გულისხმობდეს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობას, რაც გამოიხატება სასწავლო პროცესის ცენტრად არა მასწავლებლის, არამედ მოსწავლის ქცევით (მასწავლებელი უმთავრესად დამკვირვებლის, თანაბარ პირობებში მოთამაშის, მრჩევლის და არა ხელმძღვანელის ფუნქციას უნდა ინარჩუნებდეს);
. ორიენტირებული უნდა იყოს როგორც დამოუკიდებლად, ისე წყვილსა და ჯგუფში მუშაობის უნარის განვითარებაზე;
. ორიენტირებული უნდა იყოს გაკვეთილზე შიშისა და რიდის დაძლევის, მიღწევების წახალისებისა და გამჭვირვალობის ატმოსფეროს შექმნაზე.
შეფასება:
. უცხოური ენის გაკვეთილზე აქცენტი არა მოსწავლის შეფასებაზე, არამედ მისი მიღწევების დადგენაზე უნდა გაკეთდეს.
. მიღწევების დადგენა მხოლოდ მოსწავლის ზოგად განვითარებას კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ითვალისწინებდეს მის გადმოცემის უნარს, კრეატიულობას, სოციალურ ქცევას. ფორმალურ ენობრივ ასპექტებს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება
მოსწავლის მიღწევათა გამოკვეთილი ინდიკატორები ასეთია:
მასწავლებელი:
. ახდენს სასწავლო მიზნების დეფინიცირებას;
. აკვირდება მოსწავლის ემოციურ, კრეატიულ, კოგნიტურ და ენობრივ განვითარებას;
. გეგმავს ამა თუ იმ მოსწავლისათვის პრიორიტეტულ აქცენტებს და ინდივიდუალურად მუშაობს მასთან.
მოსწავლე:
. იგებს თავისი მიღწევების შესახებ, რაც მას მოტივაციას მატებს;
. სწავლობს თვითშეფასებას და თანატოლების შეფასებას;
. სწავლობს, საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე, თანატოლების დახმარებას;
. აქტიურად მონაწილეობს სასწავლო პროცესში.
მოცემულ ეტაპზე სასურველია ნიშნების წერისგან თავის შეკავება. შეფასება, რომელიც მხოლოდ ნიშნების წერაზეა ორიენტირებული, გაუმართლებელია. ამის ნაცვლად წინა პლანზე წამოსაწევია ვერბალური (სიტყვიერი) შეფასება, რაც მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.
შეცდომები აღიქმება არა როგორც წამგებიანი რამ, არამედ როგორც სწავლის პროცესის ჩვეულებრივი თანამდევი მოვლენა, რომელსაც წარმატება მოსდევს.
მასწავლებლის კომპეტენცია
. უცხოური ენის მასწავლებელი სამიზნე ენას როგორც თეორიული, ისე პრატქიკული ასპექტით თავისუფლად უნდა ფლობდეს.
. მასწავლებლის ენობრივი კომპეტენცია იმ დონისა უნდა იყოს, რომ გაკვეთილის უცხოურ ენაზე ჩატარებას ართმევდეს თავს.
. მასწავლებლის გამოთქმა უნდა იყოს სანიმუშო მოსწავლისათვის: ფონეტიკური თვალსაზრისით გამართული, სისტემური და რიტმული.
. მასწავლებლის ენობრივი რეპერტუარი ხელს უნდა უწყობდეს კლასში თანამშრომლობასა და ინტერკულტურულ განათლებას.
. გარდა ენობრივი შინაარსისა, მასწავლებელი უნდა ფლობდეს ისეთ პარალინგვისტურ საშუალებებს, როგორებიცაა მიმიკა, ჟესტიკულაცია, მუსიკალური და საცეკვაო მოძრაობები, თეატრალური და თამაშის ელემენტები.
. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი საკუთარი ლინგვისტური, ინტერკულტურული და პროფესიული ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებისა.
. გარდა თეორიული ცოდნისა, მას უნდა ჰქონდეს დაწყებით საფეხურზე სწავლების გამოცდილება.
. მიუხედავად მას შემდეგ მსოფლიოში მომხდარი სოციალური, ეკონომიკური, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური ცვლილებებისა, ზემოხსენებული დოკუმენტის პოსტულატები, რომლებიც სასწავლო მასალას, მეთოდიკას, მაასწავლებლის კომპეტენციასა და არაერთ სხვა საკითხს ეხება, დღემდე არ კარგავს აქტუალობას უცხოური ენების სწავლების საწყის ეტაპზე.
ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი
გარდა ზემოხსენებული დოკუმენტისა, უკანასკნელი ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში რადიკალური რეფორმები ჩატარდა როგორც შეფასების სისტემაში, ისე საერთო ჩარჩო-დოკუმენტის მომზადებაში, რომელიც ყოველი ევროპული ენისათვის მისაღები საერთო ენობრივი თუ საკომუნიკაიო კომპეტენციების ათვლის წერტილად მიიჩნევა.
ახალი მიდგომები, რომლებიც ენების ერთიანმა ევროპულმა სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტმა (ინგლ. Common European Framework of Reference for Languages) - ასე უწოდეს ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შექმნილ ფოლიანტს - უცხოური ენების სწავლებაში ძირეული ცვლილებები გამოიწვია.
ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი აქტიურ სწავლებაზეა ორიენტირებული. ის პრაქტიკულ დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ახლებურად უყურებს როგორც სწავლის მიზნებს, ისე მეთოდებსა და საშუალებს. დოკუმენტი მოიცავს სწავლის პროცესში ამა თუ იმ კომპეტენციის (მოსმენის, ლაპარაკის, კითხვის, წერის, მედიაციის და სხვ.) ჭრილში მისაღწევ შედეგებს. დოკუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნის სასკოლო-საგანმანათლებლო რეფორმებისათვის კურიკულუმების ახლიდან შექმნისა და გადაწყობის თვალსაზრისით.
ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი ენობრივი კომპეტენციის 3 ძირითად დონეს განსაზღვრავს:
. A – ძირითადი მომხმარებელი (ენის ელემენტარული ფლობა);
.B – დამოუკიდებელი მომხმარებელი (ენის კარგი ფლობა);
. C – სპეციალისტი (ენის თავისუფალი ფლობა).
ეს სამი დონე 6 განშტოებად იყოფა: A1 (გასაღები), A2 (საფუძველი), B1 (ზღვრული), B2 (ზღვრული განვითარებული), C1 (მაღალი), C2 (სრულყოფილი).
ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
. ეფექტიანი კომუნიკაციისათვის საჭირო კომპეტენციები;
. ენის შესწავლასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები;
. სიტუაციები და კონტექსტი, რომელშიც კომუნიკაცია უნდა შედგეს (ადამიანები, სამსახური, ოჯახი, მგზავრობა და სხვა).
დოკუმენტი აგებულია ე.წ. „შეუძლია" (ინგლ. can do) ფორმულირების პრინციპზე, ანუ სწავლის შედეგებზეა ორიენტირებული. ფორმულირებები ყოველთვის პოზიტიურ ფორმაშია მოწოდებული და აღნიშნავს, რა შეუძლია მოსწავლეს, ანუ ენის შემსწავლელს. მაგალითად: „(მოსწავლეს/ენის შემსწავლელს) შეუძლია თავი გაართვას საკომუნიკაციო სიტუაციას", „(მოსწავლეს/ენის შემსწავლელს) შეუძლია ღია ბარათის დაწერა", „(მოსწავლეს/ენის შემსწავლელს) შეუძლია ამინდის პროგნოზის მოსმენა და გაგება" და სხვა. ფირმულირებათა პოზიტიური, სწავლის შედეგების ამსახველი ეს ფორმა ენის შემსწავლელთ ენის ფლობის დაბალ საფეხურზეც კი ეხმარება მათი მიღწევების დანახვასა და გაანალიზებაში. იხილეთ დოკუმენტში მოყვანილი ზოგადი ტაბულის ერთ-ერთი ნიმუში:
საერთო სარეკომენდაციო ჩარჩო - გლობალური სკალა
სპეციალისტი
|
Cმე-2 დონე
|
. ადვილად იგებს მოსმენილსა და წაკითხულს.
. შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციის დაჯამება მოსმენილი თუ წაკითხული რესურსებიდან და არგუმენტებითა და განმარტებებითურთ მათი გადმოცემა.
. შეუძლია შეუფერხებლად გამოხატოს საკუთარი აზრი და ზუსტად ამა თუ იმ კონტექსტის შესაბამისი გზით.
|
სპეციალისტი
|
C1-ელი დონე
|
. შეუძლია მთელი რიგი სხვადასხვა თემაზე შექმნილი მოცულობითი ტექსტების გაგება იმპლიციტური მნიშვნელობის ამოცნობით.
. შეუძლია შეუფერხებელი კომუნიკაცია კონკრეტული გამოთქმების შესახებ დაფიქრების გარეშე.
. შეუძლია ენის ეფექტიანი გამოყენება როგორც სოციალური, ისე აკადემიური და პროფესიული მიზნით.
. შეუძლია დალაგებული, კარგად სტრუქტურირებული, დეტალური ტექსტების პროდუცირება მთელი რიგი საკითხების ირგვლივ, კონექტორებისა და მაკავშირებელი მექანიზმების გამოყენებით.
|
ენის დამოუკიდებელი მომხმარებელი
|
Bმე-2დონე
|
. შეუძლია კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შედგენილი კომპლექსური ტექსტების დედააზრის გაგება, მათ შორის - საკუთარი სპეციალობის ირგვლივაც.
. შეუძლია ენის მატარებელთან სპონტანური დაუგეგმავი ინტერაქცია ენის შეუფერხებელი ფლობის გარკვეული ხარისხით.
. შეუძლია გარკვევით, დეტალურად ილაპარაკოს მთელ რიგ საკითხებზე დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვით.
|
ენის დამოუკიდებელი მომხმარებელი
|
B1-ელი დონე
|
. შეუძლია ძირითადი საკითხების გაგება ნაცნობი თემატიკის ირგვლივ, როგორებიცაა სამუშაო, სკოლა, თავისუფალი დრო და სხვ.
. შეუძლია ძირითადი საკომუნიკაციო სიტუაციების დაძლევა სამიზნე ენის გარემოში მოგზაურობისას.
. შეუძლია მარტივი ტექტების პროდუცირება მისთვის ნაცნობ თემებზე.
. შეუძლია კონკრეტული გამოცდილების, ოცნებების, იმედებისა და ამბიციების გაზიარება მათი მარტივი დასაბუთებით.
|
ენის ძირითადი მომხმარებელი
|
Aმე-2დონე
|
. შეუძლია მარტივი წინადადებების გამოყენება და გაგება ნაცნობი თემატიკის ირგვლივ (მაგ., პირადი და ოჯახური მონაცემები, ადგილობრივი გეოგრაფია, საყიდლები და სხვა).
. თავს ართმევს მარტივ დავალებებს ნაცნობი ყოფითი თემტიკის ირგვლივ.
. შეუძლია საკუთარი გარემოს მარტივი ასპექტებისა და მარტივი საჭიროებების გადმოცემა.
|
ენის ძირითადი მომხმარებელი
|
A1-ელი
დონე
|
. შეუძლია ნაცნობი მარტივი ფრაზების გაგება და გამოყენება ყოფითი საჭიროებების ირგვლივ.
. შეუძლია თავის წარდგენა და სხვებისთვის პირადი მონაცემების შესახებ მარტივი კითხვების დასმა.
. შეუძლია მარტივი ინტერაქცია ადამიანთან, რომელიც მეტყველებს ნელა და გარკვევით.
|
ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი სხვადასხვა ენის სწავლების ერთიან საფუძველს ქმნის და აადვილებს ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა უცხოური ენის ერთგვაროვან, თანამედროვე დიდაქტიკურ მიდგომებზე დაფუძნებულ სწავლებას; გარდა ამისა, ის აადვილებს ენის ფლობის კვალიფიკაციასა და შეფასებას, აგრეთვე ხელს უწყობს ქვეყანათაშორისი საგანმანათლებლო თუ პროფესიული მობილობის განვითარებას.
2001 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ენობრივი კომპეტენციის საერთო ვალიდაციის სისტემად აღიარეს.
ზემოხსენებულმა დოკუმენტმა დიდი გავლენა მოახდინა ენების სწავლა-სწავლების პრინციპებზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მას იყენებს არაერთი მინისტერიალური დაწესებულება, ადგილობრივი საგანმანათლებლო ინსტიტუტი თუ მასწავლებელთა ასოციაცია. ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი ქმნის საფუძველს ადგილობრივი კურიკულუმების, სილაბუსებისა და გზამკვლევებისათვის. ის ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს უცხოური ენების სწავლების, სწავლისა და საგამოცდო პროცესის წარმართვაში.
საქართველოში, როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში, უცხოური ენების ცოდნა მაღალი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს წარმოადგენს,ამიტომაცზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ევროპული პრიორიტეტების გათვალისწინებით მოსწავლეთათვის ორი (ან სამი) უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.
2006 წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოსსარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტის მიერდადგენილ დონეებთან მიმართებით და მითითებულია, სწავლების რომელიდონე შეესატყვისება ამა თუ იმ საფეხურს - დაწყებითი, საბაზო, თუ საშუალო.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий